პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება შესაძლებელია:

  • სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, რუსული); არჩევითი-სავალდებულო საგნებიდან ერთერთის (ისტორია, მათემატიკა ან სამოქალაქო განათლება) შედეგების საფუძველზე.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირი ვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტს წარუდგინოს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვედებარებულმა პირმა-სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის აქტით დამტკიცებული სავალდებულო პროცედურებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:

1. შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, სამართლის არსისა და ძირითადი პრონციპების, ქართული სამართლის ისტორიისა და რომის სამართლის წყაროების შესახებ; ასევე შესძინოს სიღრმისეული ცოდნა საჯარო, კერძო, სისხლის ან საერთაშორისო სამართლის შესახებ;

2. გამოუმუშავოს კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი გზების შემუშავების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;

3. გამოუმუშავოს სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების უნარი;

4. გამოუმუშავოს დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის, იურიდიული ხასიათის დოკუმენტების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;

5. გამოუმუშავოს ქართულ ან/და უცხოურ ენაზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიების და მიღებული ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;

6. გამოუმუშავოს პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების ფარგლებში მოქმედების, ასევე ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის და შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით მოქმედების უნარები.

პროგრამის სტრუქტურა


საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

ცოდნა და გაცნობიერება:

(A) აღწერს

  1. სამართლის არსს, ნიშნებს, ფუნქციებს, ძირითად პრინციპებს და მათ მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის, სამართლებრივ სისტემებს, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებსა და სტადიებს, განმარტების მეთოდებს, სამართლის ნორმის სტრუქტურას და სახეებს, ქართული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებსა და ინსტიტუტებს, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, სამართლის ნორმის შეფარდების სტადიებს, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს, რომის სამართლის წყაროებს და ინსტიტუტებს;
  2. სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებს და ეროვნული მოდელის თავისებურებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, შეზღუდვის პრინციპებსა და დაცვის ეროვნული მექანიზმის თავისებურებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებს, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს და ადმინისტრაციული წარმოების სახეებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებს, სტადიებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებს და სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის თავისებურებებს, ასევე საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად პრინციპებს და ინსტიტუტებს, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობების თავისებურებებს;
  3. კერძო სამართლის სისტემას, სამოქალაქო სამართლის ცნებებს, სანივთო სამართლის სისტემას და პრინციპებს, სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებს, შრომის სამართლის ძირითად პრინციპებს, შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, საკორპორაციო სამართლის პრინციპებსა და სამეწარმეო თავისუფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების სტადიებს და სამოქალაქო საქმის განხილვის თავისებურებებს;
  4. სისხლის სამართლის არსს და პრინციპებს, დანაშაულის არსს და სახეებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, სასჯელთა სისტემას, სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებს და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის თავისებურებებს.

უნარი:

(B) აანალიზებს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს და უახლესი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს/დასკვნებს ზეპირი და წერილობითი ფორმით;

(C) აანალიზებს და იყენებს შესაბამის მატერიალურ და საპროცესო ნორმებს, წყაროებს, მეთოდებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების ან სხვა იურიდიული ამოცანის გადაწყვეტის მიზნით;

(D) შეიმუშავებს საკონსტიტუციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროში საპროცესო დოკუმენტების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტებს, ასევე დავის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას, დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;

(E) შეიმუშავებს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტებს, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

(F) მოიძიებს ქართულ ან/და უცხოურ ენებზე საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს, რითაც ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს;

(G) აანალიზებს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინები, მოქმედებს იურისტის ეთიკური სტანდარტებითა და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში.

დასაქმების სფერო

 
  • საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
  • სასამართლო ორგანოებში;
  • სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
  • კორპორაციულ სტრუქტურებში;
  • საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.

ბაკალავრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც პროკურორმა, ადვოკატმა, გამომძიებელმა, მოსამართლის თანაშემწემ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), სასამართლო სხდომის მდივანმა; იყოს ნოტარიუსი, ნოტარიუსის თანაშემწე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით). მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ასევე სამართალშემოქმედებითი საქმიანობა; ორგანიზების, მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადების სამართლებრივი ასპექტები; იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის, ხელშეკრულების, საჩივრის, სარჩელის და ა. შ.) შედგენა; ადამიანის უფლებების დაცვა და განმტკიცება; კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევა.