სამართლის ფაკულტეტზე ხორციელდება სამი საგანმანათლებლო პროგრამა:
ბაკალავრიატი
- სამართალი (1430103)
მაგისტრატურა
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება აკადემიური ხარისხი - სამართლის ბაკალავრი.
კერძო/ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება აკადემიური ხარისხი - სამართლის მაგისტრი კერძო/ბიზნეს სამართალში.
სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება აკადემიური ხარისხი - სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში.
საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებული და აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია დარგის კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამოუმუშავდება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებთან ერთად, ტარდება მასტერ-კლასები, საჯარო ლექციები, ტრენინგ-კურსები, რომლებსაც, ქართველ მეცნიერ-იურისტებთან ერთად, წარმართავენ უცხოელი პროფესორები.
ფაკულტეტზე შექმნილია და ფუნქციონირებს:
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სადაც ორგანიზებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესებში მონაწილეობით სტუდენტებს გამოუმუშავდებათ მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის ცალკეული უნარ-ჩვევები;
თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს კვალიფიციური სპეციალისტები შეასწავლიან: გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების სწორად გამოყენებას (ტვიფარის დამზადება, ე. წ. „ფოტორობოტის“ შედგენა და სხვა); კვალთა (თითის, ფეხის, ცივი, ცეცხლსასროლი და გატეხვის იარაღის გამოყენების შედეგად დატოვებული კვლები) და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენას, გამოვლენასა და ფიქსაციას; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ტაქტიკას, ასევე მკვლელობის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, სატრანსპორტო, სამოხელეო და სხვა კატეგორიის დანაშაულთა გახსნის მეთოდიკას.
ფაკულტეტი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან, საადვოკატო ბიუროებთან და ა. შ., სადაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტები გადიან პროფესიულ პრაქტიკას.
სამართლის ფაკულტეტზე ამოქმედებული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატება დიდწილად განპირობებულია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების-დარგის აღიარებული სპეციალისტების, ასევე მოწვეული პრაქტიკოსი იურისტების წარმატებული საქმიანობით.
ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონერებას; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აკადემიური მობილობის პირობების შექმნას; თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიების, ლიტერატურის დანერგვა-გამოყენებას და უნივერსიტეტის წიგნადი ფონდის პერიოდულად გამდიდრებას სამართლის სფეროს თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურით.
სტუდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კონფერენციებში, ოლიმპიადებში, საქველმოქმედო აქციებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 2 250 ლარს, რომლის გადახდაც, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ოთხ ეტაპად.