სახელმძღვანელო გათვალისწინებულია როგორც იურიდიული, ასევე არაიურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.
ახალი ამბები
უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2012 წლის 4 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, ბატონი გივი ლობჟანიძის წიგნის ,,სამართალმცოდნეობის შესავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო შედგენილია სისტემური მეთოდის საფუძველზე და გათვალისწინებულია კონკრეტულად როგორც იურიდიული, ასევე არაიურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. მასში განხილულია ქართული სამართლის სისტემაში შემავალი წამყვანი დარგებისა თუ დისციპლინის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა რომის სამართლის საფუძვლები, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, პოლიტიკური სამართალი, სამართლის მეთოდები, მუნიციპალური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართლის პრობლემები, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, საარჩევნო სამართლის საკითხები, საკორპორაციო სამართალი, ასევე დახასიათებულია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.
,,ამ სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა, ფაქტიურად, ქვეყანაში ჩატარებულმა რეფორმებმა, კანონმდებლობაში გატარებულმა სერიოზულმა ცვლილებებმა და არაიურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან
განხორციელებულმა პრაქტიკულმა მუშაობამ მიკარნახა. წიგნი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ: პირველი – ეს არის ისტორიულ–თეორიული, ხოლო მეორე – დარგობრივი ნაწილი. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მასალას და რა ფორმით მივაწვდით, ჩვენთვის იურისტებისათვის ესოდენ მნიშვნელოვან თემებს, მომავალ ინჟინრებს, ეკონომისტებს, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და ჟურნალისტებს. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვნად მივიჩნიე, განსაკუთრებული ყურადღება მიმეპყრო იმ პრობლემების განსახილველად, რაც მათ, მომავალ თაობას, სამართლის სფეროში ზოგად განათლებას მისცემდა“ – დასძენს გივი ლობჟანიძე.
სახელმძღვანელოს რედაქტორია პროფესორი რომან შენგელია, რეცენზენტები: პროფესორები შენგელი ფიცხელაური, ჯემალ გახოკიძე, ჯამლეთ ბაბილაშვილი და თამარ ვეფხვაძე.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სახელმძღვანელო დიდ სამსახურს გაუწევს ზემოჩამოთვლილი საკითხებით დაინტერესებულ პირთ.