დღეს, 2017 წლის 12 იანვარს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოვიდა: „ჯინო ფერედაისის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები ნუცა ჩხეიძე (სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება) და მერი მაჭარაშვილი (სპეციალობა: ტურიზმი) მიმდინარე წელს „ჯინო ფერედაისის“ სახელობითი სტიპენდიანტები გახდნენ.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და „ჯინო ფერედაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გასულ წელს მოეწერა ხელი და ამჯერად უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნის ფაქტი დაწყებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
ზემოთხსენებულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად წარმატებით გაიარეს „ჯინო ფერედაისის“ ორეტაპიანი საკონკურსო ტური და საუკეთესო შედეგებიც აჩვენეს.
გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პროფესიული სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩატარებას და ა. შ.
ეს ყოველივე კი ბიზნესისა და უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.