მიმდინარე წლის 22 აპრილიდან საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს სტუდენტური უმაღლესი ლიგის თამაშებს ფუტსალში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების გუნდებს შორის.
გუშინ, 1 ივლისს, ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.
ნახევარფინალური მატჩი ძალზედ საინტერესო, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ბოლო წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო - 1 : 1. არავინ იცოდა, ვის გაუმართლებდა ფორტუნა.
მატჩის ბოლო წუთზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა შეძლეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს 3-4 საპრიზო ადგილისათვის მოუწევს ბრძოლა და მისი მეტოქე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება.
პირველი საპრიზო ადგილისათვის კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდებიან.