13 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯის დელეგაცია ეწვია. აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამობრძანდა უნივერსიტეტის მფლობელი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი – ქანგ ჭენგი, რომელმაც სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამის უპრეცედენტო შეთავაზების ფარგლებში სასწავლო სტიპენდია დააწესა.
უნივერსიტეტ ჯიუ-ს ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯის დელეგაცია პრეზიდენტ სალი ჩენის ხელმძღვანელობით ესტუმრა. ჰონგ-კონგელ კოლეგებს ჯიუ-ში უმასპინძლეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლებმა, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ ქანგ ჭენგისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორის ელი ელისაშვილის ხელმძღვანელობით. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მასშტაბური განვითარების პერსპექტივები საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრების შეხვედრა ჯიუ-ს სტუდენტებთან. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თუნგ ვას კოლეჯში სწავლის უპირატესობების, სასწავლო პროგრამებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა ქანგ ჭენგმა და პრეზიდენტმა სალი ჩენმა ჯიუ-ს სტუდენტებს აცნობეს სასიამოვნო სიახლე - პრეზიდენტ ქანგ ჭენგის მიერ ჯიუ-სა და თუნგ ვას კოლეჯის სტუდენტებისათვის სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ექსკლუზიურად ჯიუ-ს სტუდენტებისთვის.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის ჰონგ-კონგელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.