2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ სს „ნიკორა ტრეიდის“ უპრეცენდენტო პროექტს შეუერთდა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტს, რომელიც ოქტომბრის თვეში დასაქმდება „ნიკორა სუპერმარკეტში“, კომპანია სრულად გადაუხდის სწავლის საფასურს, სახელმწიფო გრანტის 100%-იანი ოდენობით. შეთავაზება ეხება როგორც ბაკალავრებს, ასევე მაგისტრანტებს.
მემორანდუმის თანახმად, ქსელში დასაქმებულ ყველა სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლა.
გარდა ამისა, სტუდენტი მიიღებს სექტორში მუდმივად კონკურენტულ ანაზღაურებას – ბონუსს და ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც სარგებლობენ კომპანიის სხვა თანამშრომლები.
თანამშრომლობის პერიოდში მენეჯმენტის მხრიდან პერიოდულად მოხდება შედეგების გადახედვა და სტუდენტებისთვის პოზიციური ცვლილებების შეთავაზება. სწავლის დასრულების შემდეგ კი კომპანია აცხადებს მზაობას, განიხილოს ქსელში დასაქმებული სტუდენტები ისეთ ვაკანტურ პოზიციებზე, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება მათ თეორიულ ცოდნასა და ინტერესებთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები, უნარებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, თითქმის ყველა სტუდენტის მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ უნივერსიტეტის კედლებში მიიღონ თეორიული ცოდნა და პარალელურად იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელისო ელისაშვილმა და სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ.