2017 წლის 3 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ე. წ. ადმინისტრაციული ხაზის ზონაში მდებარე სამაჩაბლოს სოფელ ერგნეთში მცხოვრები ბავშვებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
ზემოთხსენებული აქცია ერგნეთელი ბავშვების დედაქალაქში ჩამოყვანასა და მათთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას გულისხმობდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, რის შემდეგაც ეწვივნენ სამების საკათედრო ტაძარს, გაეცნენ ახალგაზრდული ცენტრის მუშაობას, შეხვდნენ არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს, რომლისგანაც მიიღეს დალოცვა და წმინდა წყლით კურთხევა. სამების საკათედრო ტაძრის დათვალიერების შემდეგ ერგნეთელი მოსწავლეები ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, დაათვალიერეს არქეოლოგიური საგანძური და შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გურამ ახალაიას კერძო კოლექციის - „ვეფხისტყაოსნის“ გამოფენა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნიერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ანუკი გაგულიძე, ია გრიგალაშვილი, გიორგი იდუკაშვილი, დავით ლეჟავა, ზურაბ ხვიჩია და დავით დოლიძე.