დღეს, 11 მარტს, დაიწყო წმინდა მარხვა.
ტრადიციისამებრ, ყოველი მძიმე მარხვის დაწყების წინ, არის შენდობის დღე.
ამ დღეს მორწმუნენი თავს ვალდებულად თვლიან, პატიება სთხოვონ ყველას, ვისაც ნებსით თუ უნებლიედ აწყენინეს, რათა განწმენდილი გულით შეუდგნენ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომისათვის მზადებას.
5 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს.
სწორედ ამ შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, მოწყობილიყო სტუდენტური მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე და დიდი მარხვის დაწყების წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაელოცა ახალგაზრდები.
10 მარტს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღვლენილ შენდობის ლოცვას გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზურაბ შანშიაშვილი და სხვა სტუდენტები ესწრებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი ახალგაზრდები და მრევლი.