ახალი ამბები

სტუდენტები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

26 ოქტომბერი 2016

2016 წლის 26 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მასპინძლობდა.

სტუდენტებთან შეხვედრა მეტად საინტერესო გამოდგა.

შეხვედრის თემა იყო ლევილის მამულის დაბრუნება და მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქართველთათვის ლევილის მამულის გადაცემის პროცედურებზე და კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით, ხოლო მიზანი ამ გადაწყვეტილებისა იყო მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა. ასევე გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

2016 წლის 23 სექტემბერს, პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ და ასევე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებმა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


დამატებით იხილეთ ინფორმაცია: http://diaspora.gov.ge/?p=12471