კონკურსანტებმა ღირსეულად გაართვეს თავი წარმოსადგენი მასალების პრეზენტაციას.
ახალი ამბები
ყოველწლიურ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი
გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ უნივერსიტეტებს შორის გამოცხადებული სტუდენტური კონკურსის „ჩემი ბორჯომი“ ფინალური ტური გაიმართა.
მიმდინარე წელს კონკურსი "ჩემი ბორჯომი" უკვე მეორედ ჩატარდა და მასში თბილისის ათი უმაღლესი სასწავლებლის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი) სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტების წახალისებასა და მათთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის მიცემას.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა ბორჯომში პირადად დაათვალიერეს „ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ქარხანა, გაეცნენ კომპანიის ისტორიას, სამომავლო გეგმებს და მიიღეს მარკეტინგული ტიპის დავალება: ფინალური ტურისათვის უნდა წარმოედგინათ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ 2012 წლის სარეკლამო კამპანიის ერთ–ერთი ნაწილი და ბრენდის 2013 წლის სრული სარეკლამო კამპანია, რომელშიც მკაფიოდ იქნებოდა წარმოდგენილი კომპანიის ვიდეო რგოლი, სარეკლამო იმიჯი, სლოგანი და სოციალურ ქსელებში ინტეგრირების საშუალებები.
კონკურსანტებმა ღირსეულად გაართვეს თავი წარმოსადგენი მასალების პრეზენტაციას და კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი საპრიზო ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაიკავეს, მეორე საპრიზო ადგილი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა გიორგი ქიმერიძემ, ვასილ დალაქიშვილმა, სალომე მახარაშვილმა, გოგა გოგილაშვილმა და ვახტანგ კაშმაძემ დაიკავეს, მესამე ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს ხვდა წილად.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, მარკეტინგის ექსპერტი და ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ბატონი კობა ჩაგელიშვილი ხელმძღვანელობდა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წარმომადგენლებს დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცემათ.