ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა.
ახალი ამბები
შეხვედრის თემა: მისია, პრიორიტეტები და პერსპექტივები
2012 წლის 7 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე სტუმრობდა.
ქალბატონმა მაიამ უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ტელე და რადიო, კრიმინალისტიკის, იმიტირებული ბანკი, ტურისტული სააგენტო და კონსალტინგური სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა, გაეცნო ტურიზმში გეოინფორმაციული სისტემების სწავლების ნიუანსებს და ა. შ.
ამის შემდეგ კი სტუმარი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ამ სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე ესაუბრა. ტურიზმის მიმართულები სტუდენტებისათვის კი ამ შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესი ახლდა თან.
ქალბატონმა მაიამ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს, მისიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სააგენტომ გაზარდოს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, უზრუნველყოს ქვეყანაში როგორც შემოყვანის, ისე შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება, ხელი შეუწყოს ტურიზმის ბიზნესისათვის
ხელსაყრელი გარემოს შექმნას, გაზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, უზრუნველყოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება.
მანვე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების საშუალებებით, სამომხმარებლო ფასეულობების სტანდარტების შექმნას, და ტურისტული ღირსშესანიშნაობების სათანადო კონკურენტუნარიანი ფასების მქონე ტურისტულ პროდუქტად შეფუთვის აქტუალობასა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ქალბატონმა მაიამ სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.