2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
სხდომაზე განიხილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სისტემის პოლიტიკის საექსპერტო ანალიზი/კვლევა - ‘Policy Mix Peer Review of the Georgian STI system’, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებთან რეგულარულად იმართება და განიხილება უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.